"კრედით სუისი" 495 მილიონი დოლარის კომპენსაციას გადაიხდის
შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ დათანხმდა, გადაიხადოს 495 მილიონი დოლარი აშშ-ში თავის წინააღმდეგ აღძრული საქმის დასარეგულირებლად. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „კრედიტ სუისი“ გადაიხდის კომპენსაციას ნიუ-ჯერსის გენერალური პროკურატურის მიერ აღძრული საქმის დასარეგულირებლად, რომელიც 2008 წლამდე ბანკის იპოთეკური ობლიგაციების ბიზნესს უკავშირდება. გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ბანკმა ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა და იპოთეკური ობლიგაციების შეთავაზებისას და გაყიდვებისას დაკავებული იყო თაღლითობით ან სიცრუით. 2013 წელს აღძრული საქმის ფარგლებში პროკურატურა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ასანაზღაურებლად სამ მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვდა. აღნიშნულია როიტერის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ ივნისში ბანკი დამნაშავედ ცნეს, რადგან ვერ აღკვეთა ბულგარული ნარკოკარტელის მიერ ფულის გათეთრება. მარტში კი ბერმუდის სასამართლომ დაადგინა, რომ „კრედიტ სუისის“ სიცოცხლის დაზღვევის განყოფილების მიერ მიყენებული ზარალის გამო, მან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ აშშ-ში კიდევ სხვა საქმის გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ბანკი ეჭვმიტანილია კლიენტების ხელშეწყობაში, დაემალათ აქტივები ხელისუფლებისგან.
