ლევან დავითაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნესფორუმზე
„საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის არჩევანის ერთგული და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, არამედ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობას სხვადასხვა სფეროში“, - განაცხადა დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ლევან დავითაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ფორუმის მასპინძელ ჩეხეთის მთავრობას და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების გზების განხილვის შესაძლებლობისთვის.
