ვეტერანის დღე
ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში ნატოს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც ბევრი ქართველი ჯარისკაცი, ახლა უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა საქართველოს სახელს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, შეკრებილებს სიტყვით თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა მიმართეს. ვეტერანებს დღევანდელი დღე კათოლიკოს პატრიარქმაც მიულოცა.
