ლიბანი-ისრაელის შეთანხმება
ლიბანი და ისრაელი შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული, საზღვაო-სასაზღვრო შეთანხმების სამუშაო ვარიანტით კმაყოფილია. მხარეთა განცხადებით, შეთანხმების პროექტი მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა და შესაძლოა ისტორიული ხელშეკრულების სახეც მიიღოს. შეთანხმებამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ტერიტორიული დავა უნდა დაასრულოს, სადაც ლიბანს ბუნებრივი აირის რესურსების შესწავლა სურს, ისრაელს კი უკვე აღმოჩენილი აქვს კომერციულად მომგებიანი ნახშირწყალბადის საკმარისი რაოდენობა. ლიბანის პრეზიდენტის თქმით, ხელშეკრულება არ ნიშნავს ისრაელთან პარტნიორობას, რომელსაც ოფიციალურად არ ცნობს და მტრად მიიჩნევს. თუმცა, შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებით ღია კონფლიქტის თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი.
