საქართველოს პოპულარული საინვესტიციო გარემო
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი, მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფის ბლომბერგ მედიის მიერ გამოქვეყნებულ, კვლევას გამოეხმაურა. კვლევაში ნათქვამია, რომ ინვესტორების დაინტერესების კუთხით საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი. კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3-ი ათას 351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ. კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ“ ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია და გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი, რომელთა ხელმისაწვდომობა 5%-ით აღემატება გლობალურ მაჩვენებელს.
