ტრადიციული სასცენო სამოსი კულტურის სამინისტროსგან
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „რიჰოსა“ და მესტიის სალოტბარო სკოლას ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიება, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი. 2021-ი წლის დეკემბერში გამოიყო 197 ათას ლარზე მეტი, 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. მეორე ტენდერი სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა. გამოიყო 141 ათასი ლარი, რომლითაც დაიგეგმა სამოსის გადაცემა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლისთვის.
