მთავრობის მეთაური დღესვე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
მხარეებმა ისაუბრეს ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. განსაკუთრებით აღინიშნა ფონდ „ქართუს“ როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მხრივ. ითქვა, რომ „ქართუს“ შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და განსავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ფონდის დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. შეხვედრაზე აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო "განვითარების ჯილდო" გადასცა.
