საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების 60 პროცენტი ქვეყანას ტოვებს
ეს იმას ნიშნავს, რომ შემომავალი ადამიანების დიდი უმრავლესობა, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ტრანზიტული მიზნით იყენებს - განცხადებას, შინაგან საქმეთა მინისტრი აკეთებს, რომელიც იმ სტატისტიკას გამოეხმაურა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს. მინისტრის თქმით, მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. მმართველი გუნდი დღეს, საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნასაც გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ამ დროისთვის არ აპირებს. ხელისუფლება, რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლის შეკავების აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ საზღვარზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისი უწყებები, ამისთვის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
