თბილისს მაესტრო ჯუზეპე საბატინი ეწვია
სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე პირადად დახვდა. ჯუზეპე საბატინი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული უდიდესი იტალიელი ტენორია, რომელიც ბოლო წლებში მოღვაწეობს, როგორც დირიჟორი. ის თბილისში 27 სექტემბერს ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებლის ნინო სურგულაძისა და საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. ღონისძიება მიეძღვნება საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავს. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა ქართველ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისა და ასევე, მეგობარი უკრაინელი ოჯახებისა და ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
