"ხალხის ძალის" განცხადება
საზოგადოებრივი მოძრაობა ხალხის ძალა, წერილს აქვეყნებს, რითიც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარკასმა, პრაქტიკულად, საჯაროდ განაცხადა ის, რასაც გასული კვირების მანძილზე, ხალხის ძალა აქტიურად ამტკიცებდა და რის ღიად თქმასაც ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დღემდე ვერ ბედავდა. წერილში ნათქვამია, რომ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ და იქვე საზოგადოებას ამშვიდებს, რომ „საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხე ემუქრება რუსეთის შემოჭრისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხრივ, ვიდრე წარსულში იყო“.
