მეფედ კურთხევის ცერემონია
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს. მეფედ კურთხევის ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ქვეყნის ერთგულების ფიცი დადო. ცერემონიას ესწრებოდნენ ჩარლზის მეუღლე კამილა და მეფის ვაჟი უილიამი, რომელმაც უელსის პრინცის ტიტული მიიღო. ასევე მოქმედი და ყოფილი პრემიერ მინისტრები, მთავრობის წევრები და მაღალი რანგის სასულიერო პირები. ცერემონიის დასრულების შემდეგ მეფედ კურთხევის პროკლამაცია წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან გამოაცხადეს. ახალი მონარქის კურთხევასთან დაკავშირებით დღეს დედოფლის გარდაცვალების გამო დაშვებულ სახელმწიფო დროშებს ერთი დღით ისევ აწევენ. 73 წლის პრინცმა ჩარლზმა მეფის ტიტული დედის გარდაცვალების შემდეგ გადაიბარა. ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. გაერთიანებულ სამეფოში დედოფლის გარდაცვალების გამო 10 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
