გზავნილები ბრიუსელიდან
საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ ეს ასოცირების საბჭოს პირველი შეხვედრაა, რომლის ფარგლებშიც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი ასპექტები განიხილეს. საბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის, ჟოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რისთვისაც, არაერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობასთან ერთად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს.
