სამხედრო წვრთნა
სამხრეთი კორეა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, სამხედრო წვრთნას მომავალი კვირიდან უკვე სრული მასშტაბით შეუდგება. სწავლება, ნაწილობრივ 11 აგვისტოს დაიწყო და გრაფიკის მიხედვით 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ორმხრივი ერთობლივი სწავლება, ძირითადად, კომპიუტერულ სიმულაციურ მანევრებს მოიცავდა, მაგრამ სამხრეთ კორეის თავდაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, საჯარისო შენაერთები ახლა უკვე ღია სივრცეში პრაქტიკულ მანევრებზეც გადავლენ. სეულმა და ვაშინგტონმა უკანასკნელ ხანს მკვეთრად შეამცირეს სამხედრო წვრთნის მასშტაბი, ნაწილობრივ კოვიდპანდემიის და ნაწილობრივ ჩრდილოეთ კორეის გაღიზიანების გამო, რომელიც სწავლებას შესაძლო შეჭრის რეპეტიციად აღიქვამდა.
