შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი
შიდა ქართლის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა. ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებს ეწვევა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნობა. შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე, არის ასოცირებული პროფესორი ალტე უნივერსიტეტსა და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში.
