ომის 173-ე დღე
ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. მათი სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე ქალაქი ენერგოდარი. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. პარალელურად, რუსული შენაერთები დონბასის არაოკუპირებულ ნაწილს უტევენ, თუმცა უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტთა იერიშები ყველა მიმართულებით მოგერიებულია. მოწინააღმდეგე პოზიციებს თმობს სამხრეთის ფრონტზეც. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქე, ვინც დღეს ჩუმადაა, პუტინის რეჟიმს უჭერს მხარს. მისივე თქმით, უკრაინა მშვიდობის მომხრეა და მოსკოვს ომის შეწყვეტისკენ მუდმივად მოუწოდებს, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას ტერორის გზა აქვს არჩეული.
