მკვლელობა კახეთში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ის კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში წუხელ მოათავსეს. მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის მეუღლის თქმით, 47 წლის ლევან იაგანაშვილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობები მეზობელმა ზვიად ღორაკუდაშვილმა, მისმა შვილმა და ძმამ მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ქალზე ეჭვიანობის გამო დაიწყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.