გერმანია ცივი ზამთრისთვის ემზადება
ბავარიის ქალაქ აუგსბურგში მთავარი მოედნები და ქუჩები ჩაბნელებულია. გამორთულია შადრევნებიც. ანალოგიური ვითარებაა ჰანოვერშიც. მასშტაბური ენერგო კრიზისის გამო საჯარო შენობებში გათბობა გამორთეს. ენერგიის დაზოგვის მიზნით გამორთულია გარე განათებებიც. საჯარო შენობებში ხელის დასაბანად მხოლოდ ცივი წყალი იქნება ხელმისაწვდომი. წყლის გამათბობლების გამოყენება შეიზღუდება სპორტულ დარბაზებში. ადგილობრივებს მოუწოდებენ, ხშირად არ მიიღონ შხაპი ან დროის ხანგრძლივობა შეამცირონ. ევროკავშირის სახელმწიფოები თვლიან, რომ თუ მოქალაქეები ენერგიის მოხმარებას 15 პროცენტით შეამცირებენ, ეს მათ საშუალებას მისცემს, ზამთრის გარდაუვალი დეფიციტისთვის სათანადოდ მოემზადონ. გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა გარკვეული დისკომფორტი უნდა დაძლიონ, რათა ევროკავშირმა რუსეთს ბუნებრივი აირით შანტაჟის უფლება არ მისცეს.
