საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტებმა მოლდოვას 4:3 და იტალიას 4:0 აჯობეს. ნახევარფინალში ჩვენი ქვეყნის გუნდი უკრაინას შეხვდა და 2:4 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ქართველები გერმანელებს დაუპირისპირდნენ. 6 ბრძოლის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო და გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს მედალი გიორგი ტაბატაძემ მოუტანა, რომელმაც შიმანსკის იპონით აჯობა. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების აქტივში 8 მედალია, მათ შორის 2 ოქროს და 6 ბრინჯაოს.
