ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება
რუსეთისგან გაზის მიწოდების პრობლემები ამა თუ იმ ხარისხით ევროკავშირის 12 ქვეყანას შეეხო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „რუსეთმა შეამცირა ან შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 ქვეყანას. ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდგომი შეფერხებებისთვის ან მიწოდების სრული შეჩერებისთვისაც კი“,- აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, 2022 წლის პირველ სემესტრში ევროკავშირმა 38 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა და ეს მოცულობა აკომპენსირებს რუსული გაზის მიწოდების შემცირებას 28 მილიარდი კუბური მეტრით. „ევროკავშირი იღებს სულ უფრო მეტ გაზს ნორვეგიიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და კასპიის ზღვის რეგიონიდან და შედეგები უკვე თვალსაჩინოა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური შეთანხმება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და დაეხმარება ევროკავშირს მარაგების შევსებაში ზამთრამდე. მჯერა, რომ ერთიანობა და სოლიდარობა, რომელიც დაგვეხმარა პანდემიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ასევე დაგვეხმარება დავძლიოთ ეს სირთულეებიც“,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
