კონგრესმენმა ვიქტორია სპარტცმა ჯოზეფ ბაიდენს წერილობითი თხოვნით მიმართა
კონგრესმენმა ვიქტორია სპარტცმა ჯოზეფ ბაიდენს წერილობითი თხოვნით მიმართა, კონგრესს ინფორმაცია მიაწოდოს იმ ზედამხედველობითი პროცედურის შესახებ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის მიმართ ტარდება. საუბარია რუსეთთან ერმაკის შესაძლო კავშირებზე, რის შესახებაც, კონგრესმენის თქმით, ინფორმაცია უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ბრალდებები ან დადასტურებული უნდა იყოს ან უარყოფილი. კონგრესმენი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ანდრეი ერმაკმა საკუთარ მოადგილედ დანიშნა ოლეგ ტატაროვი კორუფციასთან ბრძოლის ხაზით და რამდენადაც პრეზიდენტ ბაიდენისთვის არის ცნობილი, სწორედ ტატაროვი აფერხებდა ანტი კორუფციული საქმეების დამოუკიდებელი პროკურორის დანიშვნას. გარდა ამისა, ტატაროვი პოსტზე დანიშვნამდე თავად იყო ანტი კორუფციული ბიუროს გამოძიების ობიექტი, თუმცა მისი საქმე მალევე დაიხურა. ამასთან, ტატაროვი იანუკოვიჩის მმართველობის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო.
