2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება
2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება - ეს ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა. პარლამენტი შესაბამის საკონსტიტუციო კანონს სამი მოსმენით მას შემდეგ მიიღებს, რაც დეკემბერში ევროკავშირი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღეს დეტალურად განმარტა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის შემთხვევაში ყველაზე მომგებიან პოზიციაში ოპოზიცია აღმოჩნდება. ეს კი მმართველ გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება უღირდეს, თუ სანაცვლოდ ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ირაკლი კობახიძის თქმით, თუ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ექნება , ეს პოლარიზაციის მასშტაბებსაც შეამცირებს. ქართული ოცნების ამ შეთავაზებას ულტიმატუმად აფასებს ოპოზიციის ნაწილი, სახელისუფლებო გუნდში კი მაღალ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.
