მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა
მოლდოვა ბუნებრივი აირისა და ელექტრომომარაგების გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. ოფიციალური კიშინიოვი რუსული ენერგომატარებლების ალტერნატიულ გზებზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, სააქციო საზოგადოება „მოლდოვაგაზმა“ რესპუბლიკის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბუნებრივი აირი დავალიანების გამო 1 აგვისტოდან გაითიშება. მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანას გაზზე მაღალი ფასის გამო რთული ზამთარი ელოდება. მოლდოვაში ენერგორესურსების ღირებულება, შარშანდელთან შედარებით, თითქმის სამჯერ გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფასების ასეთი ზრდა საერთაშორისო ბაზარზე საწვავის გაძვირებამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობამ და რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულმა სანქციებმა განაპირობა.
