ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული
ღამით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული. გამთენიისას კი აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და დნეპროში. პერმანენტულად იბომბება დონეცკის ოლქი. 5 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა მაკეევკაზე მიტანილი იერიშის შედეგად. მოსახლეობა მასობრივად ტოვებს კრამატორსკს. ლუგანსკის ოლქზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, დონეცკის ოლქის ეს ქალაქი რუსული საოკუპაციო ძალების მთავარ სამიზნედ იქცა. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, უკრაინის მთავრობა ქვეყნის აღდგენის გეგმაზე მუშაობს. ცნობილია, რომ საჭირო იქნება 750 - ი მილიარდი დოლარი. ოფიციალური კიევი მიიჩნევს, რომ ამ გეგმის დაფინანსების ძირითადი წყარო, რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული აქტივები უნდა იყოს.
