შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამის შესახებ ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება. პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე გუშინ 26 პირი დააკავა. უწყების ცნობით, 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის.
