რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია
დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ამ ცერემონიისა და შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და სანდო პარტნიორობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს.
