ჩინურ უნივერსიტეტში შემოიღეს კურსი მათთვის, ვისაც უცნობებთან დარეკვის ეშინია
ტაბლოიდი

ფოტო: magnific
ჩინეთის ნანკინის უნივერსიტეტის სტუდენტებს სოციოფობიასთან ბრძოლისა და ტელეფონით დარეკვის შიშის დასაძლევად სასაუბრო უნარების განვითარების კურსს სთავაზობენ.
South China Morning Post-ის ცნობით, პროგრამა „ზეპირი მეტყველება“ პირველად 2015 წელს ამოქმედდა და უნივერსიტეტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურსად იქცა. სტუდენტები მასზე ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან. პროგრამის მონაწილეებს უწევთ შიშის დაძლევა, შემთხვევით შერჩეულ ადამიანთან დარეკვა და ტელეფონით ინტერვიუს ჩამორთმევა.
ბევრი სტუდენტი სავარჯიშოდ თავდაპირველად ნათესავებსა თუ მეგობრებს ურეკავს - ისინი სთხოვენ მათ, უცნობი ადამიანის როლი მოირგონ. არიან ისეთებიც, ვინც ინტერნეტში სატელეფონო თანამოსაუბრის ძიების შესახებ განცხადებებს აქვეყნებს, თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტიანია, ვინაიდან ადამიანებს თაღლითობის ეშინიათ.
მონაწილეები სირთულეებს აწყდებიან დავალების რეალურად შესრულების დროსაც, რადგან მოქალაქეები უცნობი ნომრებიდან განხორციელებულ ზარებს უხალისოდ პასუხობენ და ინტერვიუს მიცემა არ სურთ. სტუდენტმა, სახელად ჰონგ იმინმა, 30 ნომერზე დარეკა, თუმცა ყურმილი მხოლოდ ხუთმა ადამიანმა აიღო, საუბარზე თანხმობა კი მხოლოდ ერთმა განაცხადა.
კურსის დამფუძნებელმა, ყოფილმა ტელეპროდიუსერმა და რეჟისორმა სუი კაიმ აღნიშნა, რომ ტრადიციული მიდგომა - „ნაკლები სიტყვა, მეტი საქმე“ ადამიანებს თავშეკავებულობისა და პრაქტიკულობისკენ მოუწოდებს, რაც გარკვეულწილად ხელს უშლის პიროვნულ განვითარებასა და სოციალურ უნარებს. სუიმ ასევე დასძინა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ინტროვერტებსა და სოციოფობებს უწოდებენ, ხშირად ასეთები არ არიან - მათ უბრალოდ არ ჰქონიათ შესაძლებლობა, ურთიერთობა ესწავლათ.





