99 წლის ბრიტანელმა ქალმა თვითმფრინავის ფრთაზე იფრინა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ტაბლოიდი

ჰელგა დაფი
ფოტო: გინესის რეკორდების წიგნი
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 99 წლის ჰელგა დაფი მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ქალი გახდა, რომელმაც თვითმფრინავის ფრთაზე იფრინა. ეს მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
8-წუთიანი ფრენა საირენსესტერში მდებარე RFC Rendcomb-ის აეროდრომზე შედგა. დაფი სპეციალური უსაფრთხოების ღვედებით მიაბეს სავარძელზე, რომელიც ბიპლან Boeing Stearman-ის ზედა ფრთაზე იყო დამონტაჟებული. გინესის რეკორდების წიგნის სერტიფიკატი ქალს ფრენის დასრულებისთანავე გადასცეს. ამ რეკორდის წყალობით, დაფიმ უილტშირისა და ბათის საჰაერო სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის 1300 ფუნტ სტერლინგზე მეტი შეაგროვა.

ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მას წინა რეკორდსმენმა - 97 წლის ბეთი ბრომიჯმა შთააგონა. დაფისაც მოუნდა, საკუთარი ძალები ამ ამპლუაში გამოეცადა.
„შიში საერთოდ არ მიგრძნია, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი“, - განაცხადა რეკორდსმენმა.





