მიხეილ სარჯველაძე: შესაძლოა არსებობდეს რისკი, რომ აკრძალვის ან მკაცრი რეგულაციების შემთხვევაში იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს კონკრეტულმა პროცესებმა, მაგრამ თუ ქვეყანაში დაშვებული იქნება რაიმე გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, სუროგაციით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება მიემაგროს ამ ყველაფერს და სწორედ იატაკქვეშეთიდან გამოსაძრომს პოულობდეს ვინმე
საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
არის სახელმწიფოები, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ საშუალება, რომ რეალურად აკონტროლონ ვითარება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორია კონფიგურაცია, კომერციული სექტორის გავლენა მედიცინაზე და სახელმწიფო სექტორის თანაფარდობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სუროგაციის აკრძალვაზე მსჯელობისას.
მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოების უდიდეს უმრავლესობაში კომერციულ სექტორზე მეტი უკავია სახელმწიფოს. იქ, ბუნებრივია, რომ გარკვეული რეგულაციების მარტივად გატარების შესაძლებლობა გაცილებით მეტია.
„ჩვენს სახელმწიფოში კომერციული სექტორი გაცილებით ფართოა და მათ შორის ამ და ბევრი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ გამოცდილება, რომელიც აქვს საბერძნეთს, ჩვენ არ გამოგვადგება. უპრიანი იქნება, რომ წავიდეთ იმ გზით, რომელსაც ირჩევენ სხვა ევროპული სახელმწიფოები.
შესაძლოა არსებობდეს რისკი, რომ აკრძალვის, ან მკაცრი რეგულაციების შემთხვევაში იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს კონკრეტულმა პროცესებმა, მაგრამ თუ ქვეყანაში დაშვებული იქნება, რაიმე გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მაგალითად, სუროგაციით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი რამ შეიძლება მიემაგროს ამ ყველაფერს და სწორედ იატაკქვეშეთიდან გამოსაძრომს პოულობდეს ვინმე.
ზუსტად ეს არის მიზეზი, რის გამოც უფრო გამართლებულია აკრძალვა, რადგან აკრძალვით პრაქტიკულად აღარ უშვებ არცერთი მონაკვეთის ფუნქციონირების შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ქმნის ნიადაგს, რომ არავითარი სიმულაცია არ მოხდეს და მსგავსმა გარიგებამ არ განაპირობოს სხვა შედეგების მოტანა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.





