პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები და შშმ პირთა ორგანიზაციები გახარიას პარტიის წევრს: თქვენი მსჯელობა მოწყვეტილია სერვისის რეალურ პრაქტიკას, მის საერთაშორისო სტანდარტებს და უგულებელყოფს თავად პერსონალური ასისტენტებისა და სერვისის მიმღები პირების რეალურ საჭიროებებსა და პოზიციას
საზოგადოება

ფოტო: შშმ პირთა პოლიტიკის ინსტიტუტი
პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები და შშმ პირთა ორგანიზაციები გახარიას პარტიის წევრის ქეთევან ბაკარაძის განცხადებას აკრიტიკებენ და მას ღია წერილით მიმართავენ.
ორგანიზაციის განცხადებით, ქეთევან ბაკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისთან დაკავშირებით განაცხადა, თითქოს აღნიშნული ცვლილებები კითხვებს იწვევს და არ ემსახურება შშმ პირთა კეთილდღეობას.
„საქართველოს პარლამენტის წევრს,
ქალბატონ ქეთევან ბაკარაძეს
პერსონალური ასისტენტის სერვისის
მიმწოდებელი ორგანიზაციებისა და შშმ პირთა ორგანიზაციების
ღ ი ა მ ი მ ა რ თ ვ ა
პერსონალური ასისტენტის პროგრამის ირგვლივ პარლამენტის სესიაზე გაკეთებულ გამოსვლასთან დაკავშირებით
ქალბატონო ქეთევან,
მოვუსმინეთ რა თქვენს გამოსვლას პარლამენტის სესიაზე, რომელიც ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამას, თქვენი გამოსვლის საპასუხოდ გაცნობებთ შემდეგს.
მივესალმებით ნებისმიერ ჯანსაღ და კონსტრუქციულ ინტერესს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა სერვისების განვითარებასა და ასისტენტთა მხარდაჭერას. თუმცა მიგვაჩნია, რომ თქვენს გამოსვლაში წარმოდგენილი მსჯელობა და დასმული აქცენტები მოწყვეტილია სერვისის რეალურ პრაქტიკას, მის საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია, უგულებელყოფს თავად პერსონალური ასისტენტებისა და სერვისის მიმღები პირების რეალურ საჭიროებებსა და პოზიციას.
გვსურს ოფიციალურად გაგიზიაროთ შშმ პირთა ორგანიზაციებისა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების პოზიცია:
1. თქვენს გამოსვლაში საკითხი ცალმხრივად არის დაყენებული, თითქოს არსებული პრაქტიკა აზიანებს ასისტენტების ინტერესებს. ამასთან დაკავშირებით ჩნდება სამართლიანი და ფუნდამენტური კითხვები:
• ჩატარდა თუ არა წინასწარი კვლევა, სამუშაო შეხვედრა ან ფოკუს-ჯგუფი უშუალოდ პერსონალურ ასისტენტებთან ამ საკითხის სესიაზე გამოტანამდე?
• ჰკითხა თუ არა ვინმემ თავად ამ საქმიანობაში ჩართულ ადამიანებს, რა ურჩევნიათ სინამდვილეში: მოქნილი სამუშაო რეჟიმი და მაღალი შემოსავალი, თუ მკაცრი ბიუროკრატიული ჩარჩო და მკვეთრად შემცირებული ანაზღაურება?
ასისტენტების უმრავლესობისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს მოქნილ, შეთავსებით ან თავისუფალი გრაფიკის მქონე საქმეს, სადაც გადამწყვეტია დროის თავისუფლად განკარგვისა და მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ამ საკითხის სესიაზე გამოტანა იმ ადამიანების (ბენეფიციარები, ასისტენტები, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები) პირდაპირი მონაწილეობისა და აზრის მოსმენის გარეშე, რომლებიც ჩართული არიან სერვისის ფუნქციონირებაში, ქმნის პროცესის არასწორი მიმართულებით წაყვანისა და იმ სერვისისთვის ზიანის მიყენების რეალურ რისკს, რომელზეც ასობით შშმ პირის ყოველდღიურობაა მნიშვნელოვნად დამოკიდებული.
2. პერსონალური ასისტენტის პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზებაში.
ბუნებრივია, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ არ დასმულა ეს შეკითხვები ამ დროის მანძილზე და რატომ გახდა აქტუალური ეს თემა სწორედ ახლა, როდესაც პარლამენტში მიმდინარეობს საკანონმდებლო განხილვები პერსონალური ასისტენტის პროგრამის დახვეწისა და მისი სპეციფიკის სამართლებრივად დარეგულირების მიზნით? პროგრამის ირგვლივ ხელოვნური კითხვის ნიშნების გაჩენა აფერხებს სერვისის განვითარების ჯანსაღ პროცესს.
3. სტანდარტული შრომითი ურთიერთობის ფუნდამენტური ნიშანია დამსაქმებლის მიერ სამუშაო პროცესის, სამუშაო ადგილის, მკაცრი გრაფიკისა და ყოველდღიური მითითებების პირდაპირი განსაზღვრა. პერსონალური ასისტენტის სერვისში ორგანიზაცია არ და ვერ ახორციელებს მსგავს მიდგომას, რადგან:
• ასისტენტის საქმიანობის შინაარსს, საჭიროებებს, ადგილმდებარეობას და ინდივიდუალურ გრაფიკს ყოველდღიურად განსაზღვრავს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ბენეფიციარი).
• მიმწოდებელი ორგანიზაციის მხრიდან მკაცრი ადმინისტრაციული და ყოველდღიური ზედამხედველობის მექანიზმების შემოღება პირდაპირ შეზღუდავს შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზებას და უხეშად ჩაერევა მის პირად სივრცეში.
აქედან გამომდინარე, ამ ურთიერთობის სტანდარტულ, მკაცრ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა სრულად ეწინააღმდეგება პერსონალური ასისტენტის სერვისის არსსა და რაობას.
4. პროგრამის დაფინანსება და ტარიფები მკაცრად განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტით. არსებული ტარიფების პირობებში დამატებითი ფისკალური წნეხის ან მკაცრი საგადასახადო დაბეგვრის დაწესება პირდაპირ გამოიწვევს ასისტენტების ხელზე ასაღები ანაზღაურების მკვეთრ შემცირებას, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას და სერვისის შეფერხებას გამოიწვევს, რაც მნიშვნელოვნ ზიანს მიაყენებს შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზებას.
სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები, რომლებიც ძირითადად წარმოადგენენ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, ხშირ შემთხვევაში არიან შშმ პირთა ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, სერვისის მიმწოდებლები ხშირად თავად არიან სერვისის ბენეფიციარები და მოქმედებენ მხოლოდ პროგრამის მოსარგებლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის.
მოგიწოდებთ, რომ პერსონალური ასისტენტის პროგრამის შეფასებისას არ იხელმძღვანელოთ ვიწრო და ცალმხრივი მიდგომით. რეფორმებისა და საკანონმდებლო ინიციატივების მთავარი მიზანი უნდა იყოს სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, დაფინანსების გაზრდა და ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზება.
ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას ღია სამუშაო შეხვედრისთვის, სადაც შესაძლებლობა გექნებათ უშუალოდ მოუსმინოთ როგორც სერვისის მიმწოდებლებს, ისე თავად პერსონალურ ასისტენტებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
პატივისცემით
შშმ პირთა და პერსონალური ასისტენტის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.





