იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საზოგადოება

ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის, ულვი მეჰდიევის შეხვედრა, ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციის საკითხებს ეძღვნება, 200-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისათვის.
ლანა მორგოშიამ ულვი მეჰდიევს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ინოვაციური პროექტების – იუსტიციის სახლების, მობილური იუსტიციის სახლის, სერვისების ერთიანი პორტალისა და „გონიერი კონტრაქტის“ შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს. უწყება მომხმარებელთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.
საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტი ქ. ბაქოში 5-6 ნოემბერს ტარდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი უცხოელ კოლეგებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.





