თემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, შენობაში მყოფი მოქალაქეები კი უსაფრთხოდ არიან ევაკუირებულნი.
„ხანძარი ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა და ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ არის ევაკუირებული. ხანძრის კერა შახტში იყო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დამატებითი შემოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ბიზნესცენტრში დაკვამლიანებისა და ღია ცეცხლის შესახებ შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა, რის შემდეგაც, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დანაყოფები.
ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაციასთან ერთად, შენობაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ევაკუაციაც უზრუნველყვეს.





