შალვა ნიქაბაძე: პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, როდესაც საფრანგეთში აბსოლუტურად მშვიდობიანი მანიფესტანტები ჯერ წყლის ჭავლით და შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმით დაარბიეს
საზოგადოება

შალვა ნიქაბაძე
ფოტო: იმედი/კადრი
პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, როდესაც საფრანგეთში აბსოლუტურად მშვიდობიანი მანიფესტანტები ჯერ წყლის ჭავლით და შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმით დაარბიეს, - განაცხადა აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.
წამყვანმა ჰკითხა, სად გადის ზღვარი პოლიციელის მხრიდან კანონიერ ქმედებასა და უფლებამოსილების გადამეტებას შორის.
„საქართველოში პოლიციელის ქმედება რეგულირდება საქართველოს კანონით პოლიციის შესახებ. ამ კანონში მითითებულია, როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი, თუნდაც მანიფესტაციის დროს, რა მომენტში როგორ უნდა იმოქმედოს. ძალის გამოყენება ავტომატურად არ ნიშნავს უფლებამოსილების გადამეტებას. პოლიციის თანამშრომელმა ძალა უნდა გამოიყენოს მაშინ, როდესაც აქცია სცილდება მშვიდობიან ფორმებს - როდესაც აგრესიულად იქცევიან მანიფესტანტები, მოთხოვნებს არ ემორჩილებიან, ზიანს აყენებენ პოლიციელებს, ესვრიან მაშხალებს, ჯოხებს, რაც არაერთხელ გვინახავს ჩვენს რეალობაში. ამ შემთხვევაში პოლიციელს კანონიერი უფლება აქვს გამოიყენოს როგორც ფიზიკური ძალა, ასევე წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი.
პოლიციელი უფლებამოსილებას, პირველ რიგში, მაშინ ამეტებს, როდესაც არანაირი საფრთხე არაა, საფრთხე არ ემუქრება არც მის სიცოცხლეს, მანიფესტაცია მშვიდობიანია და იწყებს ძალისმიერ ქმედებებს. პირდაპირ ეთერში ვუყურეთ, როდესაც საფრანგეთში აბსოლუტურად მშვიდობიანი მანიფესტანტები ჯერ წყლის ჭავლით და შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმით დაარბიეს“, - აღნიშნა ნიქაბაძემ.





