საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ, მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ. ამ დოკუმენტების საფუძველზე, მათ 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს.
ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ამასთან, მათზე შესაბამისი საბაჟო გადასახადები არ გადახდილა.
აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





