თამაზ ბორაშვილი: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
სამართალი

თამაზ ბორაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად კვლავ რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა სუსის უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა პარლამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის გასული წლის ანგარიშის წარდგენისას.
როგორც მან აღნიშნა, ოკუპაცია უარყოფითად მოქმედებს უსაფრთხოების გარემოზე და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, იყენებს ყველა ხელმისაწვდომ სამართლებრივ, ინსტიტუციურ და ოპერატიულ მექანიზმს ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეების შესამცირებლად, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად და ვითარების შემდგომი გამწვავების თავიდან ასაცილებლად;
2025 წლის განმავლობაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გამოვლინდა უკანონოდ დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 40 შემთხვევა. ორივე მიმართულებით გაგრძელდა ე.წ. ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა, მათ შორის „ჯაშუშობის“, ე.წ. კონტრაბანდის, ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისა და სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებებით;
რაც შეეხება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს – 2025 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 3, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 55 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველა აღნიშნულ ინციდენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები განიხილავდნენ ჟენევის ფორმატისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც მუდმივად აყენებდნენ უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხს; შედეგად, საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო პატიმრობაში მყოფი 75 პირი გათავისუფლდა, მათ შორის წინა წლებში დაკავებული პირებიც“, - აღნიშნა ბორაშვილმა.




