პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამართალი

საქართველოს პროკურატურა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, საიდანაც 10 ცალად დაფასოებული, 4,7744 გრ. რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე განათავსა. ხოლო 35 ცალად დაფასოებული 13,65 გრ. თბილისში, სპეციალურ სამალავში შეინახა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ადგილიდან ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.




