თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე
სამართალი

თამარ ზოდელავა
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იაღლუჯის მთის მასივზე მდებარე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს. სარეგისტრაციო პროცესი დაიწყო და მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდათ განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ დოკუმენტები, რათა სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იქნეს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით.
„ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის ახლა უკვე ქმედით ნაბიჯებზე. სარეგისტრაციო პროცესი, ფაქტობრივად, უკვე განახლდა და დაიწყო. ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით, 12 000 მოქალაქეზე, ესენი არიან რუსთავის მცხოვრებნი, ვინც პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე. მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდა განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დღეს უკვე დაეგზავნათ შეტყობინებები და ეცნობათ, რომ იწყება სარეგისტრაციო პროცესი და ბუნებრივია, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ ის დოკუმენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იქნეს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, პრემიერის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში და აქ იყო წარმოდგენილი ყველა მუნიციპალიტეტი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისათვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო. 12 000 მოქალაქეს მიეცა ახლა შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში გახდეს მესაკუთრე“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი, წარადგინონ უფლების დამდგენი დოკუმენტები, ეს არის მებაღეობის წიგნაკი განაწილების გეგმები და სხვა მართლზომიერი ფლობის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სახლებს მიმართონ, გააკეთონ განაცხადი, წარადგინონ უფლების დამდგენი დოკუმენტები - ეს არის მებაღეობის წიგნაკი, განაწილების გეგმები და სხვა მართლზომიერი ფლობის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბუნებრივი სარეგისტრაციო პროცესი მივიდეს ბოლომდე და ისინი გახდნენ მესაკუთრეები“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.





