გაეროს სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა
სამართალი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია უცხოელ კოლეგებს შეხვდა.
შეხვედრები საჯარო მმართველობის ინოვაციების გაეროს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.
სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს საჯარო მმართველობის ექსპერტთა კომიტეტის წევრ როლფ ალტერთან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება გაეროს მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ და აღნიშნა, რომ გაეროს ექსპერტთა კომიტეტსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი მექანიზმია თანამედროვე და ინკლუზიური საჯარო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში.
საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარასკევ ხარალამპოგიანთან ლანა მორგოშიამ ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების მხრივ გატარებული რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებულ ინოვაციებზე, რომლებმაც მოქალაქეებისთვის საჯარო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, რეგიონული განვითარებისა და ინფორმატიზაციის სამინისტროს გენერალურ მდივან იან გაიდოშთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინსტიტუციური მოდერნიზაციისა და ციფრული მმართველობის კუთხით. მსჯელობა შეეხო ქართულ ინოვაციებს - იუსტიციის სახლებს, მობილურ იუსტიციის სახლს, მომსახურების ერთიან პორტალს, აგრეთვე ინოვაციურ სერვისს „გონიერი კონტრაქტი“.
შეხვედრებს ესწრებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გიორგი ზაქარაშვილი.





