ბექა ძამაშვილი: ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს
სამართალი

ბექა ძამაშვილი
ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში არსებული საჩივრების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, რაც, თავის მხრივ, ძალიან თვალსაჩინო რიცხვია. აღსანიშნავია გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ შესული საჩივრების რაოდენობაც - ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროპის 29 სახელმწიფოს და მათგან ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს. ამასთან, 2012 წლის შემდეგ ევროპულ სასამართლოს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია დარღვევა, სადაც პრობლემად დასახელებულა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევის შედეგების კომენტირებისას.
ბექა ძამაშვილის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებისთვის ყველაზე ობიექტური და სწორი საშუალება სტრასბურგის სასამართლოში არსებული სტატისტიკის და პრაქტიკის ანალიზია. ამ მაჩვენებლებით კი საქართველო უსწრებს ევროპის 29, მათ შორის ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოს.
„დღეს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევა სრულად შეესაბამება ამ რეალობას. ისიც უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ ძალიან ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას „Ipsos France“ დაუკვეთა კვლევა სასამართლოს დამოუკიდებლობის აღქმის თაობაზე და ამ მაჩვენებლითაც საქართველოს მონაცემი თითქმის 10%-ით აღემატებოდა ევროკავშირში არსებულ საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ.





