დიმიტრი გვრიტიშვილი: კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სამოსამართლო კორპუსი თავის პროფესიულ-სამსახურებრივ ვალდებულებებს ძალიან კარგად ასრულებს. ეს ადასტურებს იმასაც, რომ სასამართლო სისტემა მთელი გასული წლების განმავლობაშიც და ახლაც სწორი მიმართულებით ვითარდება
სამართალი

დიმიტრი გვრიტიშვილი
ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სამოსამართლო კორპუსი თავის პროფესიულ-სამსახურებრივ ვალდებულებებს ძალიან კარგად ასრულებს. ეს ადასტურებს იმასაც, რომ სასამართლო სისტემა მთელი გასული წლების განმავლობაშიც და ახლაც სწორი მიმართულებით ვითარდება, - განუცხადა „ქრონიკას“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ დიმიტრი გვრიტიშვილმა სატელეფონო საუბრისას.
იგი მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგებს გამოეხმაურა.
„ეს შედეგები ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან სასიხარულოა. ადასტურებს, რომ სამოსამართლო კორპუსი თავის პროფესიულ-სამსახურებრივ ვალდებულებებს ძალიან კარგად ასრულებს. ეს ადასტურებს იმასაც, რომ სასამართლო სისტემა მთელი გასული წლების განმავლობაშიც და ახლაც სწორი მიმართულებით ვითარდება.
მეორე კომპონენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა ასევე ადასტურებს, რომ საკანონმდებლო სფეროში გატარებული რეფორმებიც შედეგიანია, ანუ როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც თუნდაც გასული წლების განმავლობაში განხორციელდა, ეს ყოფილა სწორი და ეფექტიანი, რაც განაპირობებს სწორედ ასეთ შეფასებას, რომ დავების გადაწყვეტისას აღნიშნული რეფორმის შედეგად ჩამოყალიბებული კანონმდებლობა არის მაქსიმალურად ეფექტიანი. რეფორმა და განვითარება არის უწყვეტი პროცესი, ამიტომ ეს გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას საქართველოს მოსამართლეებს, რომ ჩვენი პროფესიული ვალდებულებები კიდევ უფრო მეტი პროფესიონალიზმის დონის, კვალიფიკაციისა და დამოუკიდებლობის უფრო მეტი ხარისხით შევასრულოთ“, - აღნიშნა გვრიტიშვილმა.
მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მხრივ. კვლევის მიხედვით, შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველომ 59% აიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა.





