რევაზ სოხაძე: ქუთაისში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტები უახლოეს პერიოდში დაიწყება
რეგიონი

რევაზ სოხაძე
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქუთაისში წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არსებული პრობლემების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება, ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად ჩაერთვება მათი მოგვარების პროცესში, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქსა და დაბაში ეტაპობრივად მოეწყობა წყალარინების სისტემები და შესაბამისი გამწმენდი ნაგებობები.
„საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწყობაც. ამიტომ, სადაც წყალარინების პროექტები განხორციელდება, სამუშაოები კომპლექსურად დაიგეგმება,“ – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ქუთაისში წყალარინების სისტემის მოწესრიგების სამუშაოები დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამასთან, უკვე გამოვლენილია კონსორციუმი, რომელიც ქალაქისთვის ახალი გამწმენდი ნაგებობის პროექტს განახორციელებს.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქუთაისის ინფრასტრუქტურას, გარემოსდაცვით მდგომარეობასა და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.





