რევაზ სოხაძე: აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს
რეგიონი

რევაზ სოხაძე
ფოტო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მინდა ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაციაც ჩატარდა. სკოლა 900 მოსწავლისთვისაა განკუთვნილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
სოხაძის თქმით, გამოწვევა ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა, სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები, რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს.
,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვას, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნა სოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციისთვის ტენდერების გამოცხადებას.
,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’, - განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.


