ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მუნიციპალიტეტის მერმა გერმანელ დიპლომატს ბოლნისში არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ზამურ ჭითანავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანული უბნის მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტზე. პროექტი გერმანული კვარტლის ისტორიული და ავთენტური იერსახის შენარჩუნებასა და განახლებას ითვალისწინებს.
ალექსანდრე ზაბახიძემ ქალაქში შემორჩენილი გერმანული მარნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეაბილიტაციაც დაგეგმილი პროექტის ნაწილია. მხარეებმა პროექტის განხორციელებით მიღებულ სარგებელზეც ისაუბრეს.
ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა დაშენარჩუნებას, ტურიზმის განვითარებასა და მუნიციპალიტეტში ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოთქვეს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ბოლნისსა და გერმანიის რომელიმე ქალაქს შორის დამეგობრების შესაძლებლობა გამოიკვეთა, რაც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, კულტურული კავშირების გაძლიერებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას შექმნის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი.
ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.




