გია ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: საქართველო შეირჩა იმ მთავარი ნიშნით, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ოკეანეზე გასვლის რესურსი აქვს
პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ USAID-ის სკანდალურ ფაილებთან დაკავშირებით ილაპარაკა.
მისი თქმით, საქართველოს შერჩევა რევოლუციური სცენარებისთვის გეგმის ნაწილი იყო და ეს განაპირობა იმ მთავარმა ნიშანმა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიო ოკეანეზე გასვლის რესურსი აქვს.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, იმ პერიოდში მოსალოდნელი საფრთხის სწორად შეფასება რომ ვერ მოგვეხერხებინა, რეალურად უკრაინაზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.
„უკრაინაც ცალკე აღებული რომ წარმოვიდგინოთ, უკვე დიდი ხანია მუშავდება აზრი, რომ შუაგულ ევროპაში უკრაინის, რუსეთისა და ევროკავშირის სხვადასხვა ინდუსტრიული ქვეყნის ერთობა წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს კონკრეტული ფიგურებისთვის. ვერ ვიტყოდი, რომ აშშ-ისთვის — ყველამ კარგად იცის, რომ არიან ოლიგარქიული ოჯახები, ტრილიონობით დოლარის რესურსის მქონე ჯგუფები, რომლებსაც აინტერესებთ გარკვეული მიმართულებით სიტუაციის სრული კონტროლი. ამ შემთხვევაში ევროპის, უკრაინისა და რუსეთის ერთობლივი საქმიანობის გაძლიერება, რა თქმა უნდა, გარკვეულ საფრთხეს უქმნის სხვა მიმართულებებს, რომლებზეც ვიღაცას მიაჩნია, რომ სრული კონტროლი უნდა ჰქონდეს.
რა თქმა უნდა, ეს აშშ-ისთვისაც მნიშვნელოვანი იყო და ძირითადად „დიფ სთეითი“, რასაც ვეძახით, იქ არის მობილიზებული. თუმცა ეს შორიდანვე განიჭვრიტა და ვფიქრობ, რომ სატრაბახოც არაფერია, მაგრამ რეალურად იმ პერიოდში მოსალოდნელი საფრთხე სწორად რომ არ შეგვეფასებინა, უკრაინაზე არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“, — განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა იმ მეთოდებშია, რომლებსაც გარე ძალები საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების დასასმელად იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი კი ახალგაზრდების რეკრუტირებაა.
„საქართველო შეირჩა ერთი მთავარი ნიშნით. ხშირად უნდა გავიმეოროთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს მსოფლიო ოკეანეზე გასვლის რესურსი. ამით ყველაფერი ნათქვამია. თუკი ვინმეს პრობლემის შექმნა უნდა, მაგალითად, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და ა.შ., ამის გაკეთება საქართველოს მეშვეობით უფრო მარტივია.
ჩინეთის თემაც რომ ავიღოთ, ჩინეთის გლობალური პროექტი ითვალისწინებს ისეთი სისტემის განვითარებას, რომელიც მოიცავს სატრანზიტო გზებს, ენერგორესურსებთან სიახლოვეს და ამ რესურსების გადაადგილებას უსაფრთხო დერეფნის მეშვეობით, რომელსაც საქართველო აგვირგვინებს. აქ უკვე კითხვა, თუ რატომ უნდათ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების არსებობა, უადგილოა.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რეკრუტირება იმიტომ მიმდინარეობს და ახალგაზრდების „სულებისთვის ბრძოლაც“ იმიტომ არის, რომ როგორმე ამ პროცესში ჩართონ ის ხალხი, რომელსაც კარგად არ ახსოვს, თუ რა ხდებოდა ოთხი წლის წინ, რას წარმოადგენდა შარლ მიშელის დოკუმენტი და რაზე მიდიოდა ხელისუფლება, რომ სტაბილურობა შეენარჩუნებინა“, — განაცხადა ვოლსკიმ.





