აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა რეგიონული საკითხებისადმი ინკლუზიური მიდგომის შენარჩუნების მნიშვნელობას - ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით განვითარებული შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს და ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა კვლავაც იზრდება
პოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
24 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო - ბოჭორიშვილმა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოკითხვა გადასცა, - ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა მოკითხვისთვის და ბოჭორიშვილს სთხოვა, თავისი მოკითხვა გადაეცა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის. შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილებით გაიხსენეს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 2026 წლის აპრილში საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი და აღნიშნეს, რომ ამ ვიზიტმა დადებითი შედეგები მოიტანა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორ ხალხს მეგობრობისა და ძმობის მრავალწლიანი კავშირები აერთიანებს და სწორედ ამ საფუძველზე აზერბაიჯანი და საქართველო აგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მხარეებმა განიხილეს მაღალი დონის რეგულარული ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების გადაჭრისა და ურთიერთობების შემდგომი გაფართოების საქმეში, ისევე როგორც მთავრობათაშორისი კომისიის ბოლო სხდომა.
ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის კუთხით მიღწეულ პროგრესს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნეს ის წვლილი, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ სტაბილურ ვითარებას მათი ქვეყნების განვითარებაში შეაქვს.
მათ დადებითად შეაფასეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაზრდილი ტვირთგამტარუნარიანობა და განიხილეს ამ სატრანსპორტო დერეფნისა და იმ სხვადასხვა დამაკავშირებელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა რეგიონული საკითხებისადმი ინკლუზიური მიდგომის შენარჩუნების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევით განვითარებული შუა დერეფანი უკვე ფუნქციონირებს და ამ მარშრუტზე ტვირთბრუნვა კვლავაც იზრდება.
მხარეებმა ასევე აღნიშნეს აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახლახან ხელმოწერილი შეთანხმების, აგრეთვე აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობა.





