ლაშა ცაგურია: კორპუსის მცხოვრები 30-მდე ოჯახი სასტუმროებშია გადაყვანილი - ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, შენობის დაზიანებულ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება თუ აღდგება
პოლიტიკა

ლაშა ცაგურია
ფოტო: ვიდეოკადრი
კორპუსის მცხოვრები 30-მდე ოჯახი სასტუმროებშია გადაყვანილი. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, შენობის დაზიანებულ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება თუ აღდგება, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლაშა ცაგურიამ „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, სასტუმროებში მოთავსების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის აღდგენამდე, თითოეულ ოჯახს ნაქირავებ ბინაში გადაიყვანენ.
„ნაპოვნი მცირეწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გრძელდება ექვსი ადამიანის სამძებრო სამუშაოები. კორპუსის მცხოვრებლები, დაახლოებით 30 ოჯახი, სასტუმროებშია გადაყვანილი. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადაწყდება, კორპუსის აღნიშნულ ნაწილს დემონტაჟი ჩაუტარდება თუ აღდგება. სასტუმროში მონთავსების შემდეგ მოსახლეობას აუცილებლად გავიყვანთ ნაქირავებ ბინებში“, - აღნიშნა ცაგურიამ.
მისი თქმით, კორპუსი, რომელშიც აფეთქება მოხდა, 2019 წელს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ავარიულობის კუთხით შეფასდა.
„რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს კორპუსის მდგრადობის შეფასების მოთხოვნით. ინიშნება ექსპერტიზა. აღნიშნულ კორპუსზე ექსპერტიზა 2019 წელს დაინიშნა. შედეგად მეორე კატეგორია მიენიჭა, რაც უმნიშვნელო დაზიანებას გულისხმობს. კატეგორია უნდა იყოს მეოთხე, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამას სთავაზობს. რა თქმა უნდა, ამისთვის იქ მცხოვრები მოსახლეობის 100%-იანი თანხმობაა საჭირო. თუ 100%-იანი თანხმობა არ იქნება, ამ შემთხვევაში ჩვენ უძლურები ვართ“, - განაცხადა ცაგურიამ.





