დავით მათიკაშვილი ე.წ. ვეტინგზე: ქართველმა ერმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და უნდა ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ასე მიგვაჩნდა ჩვენ, იურისტებსაც და არაიურისტებსაც დღემდე, სანამ ევრობიუროკრატიამ მოიგონა ის სისტემა, რომელიც პირდაპირ თავზე ლაფს ასხამს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„საქართველოს კონსტიტუცია იწყება ასე, ქართველმა ერმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უნდა იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და უნდა ჰყავდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი არის ისეთი დებულება, რომელშიც ეჭვის შეტანა შეუძლებელია.
„ასე მიგვაჩნდა ჩვენ, იურისტებსაც და არაიურისტებსაც დღემდე, სანამ ევრობიუროკრატიამ მოიგონა ის სისტემა, რომელიც პირდაპირ თავზე ლაფს ასხამს ნებისმიერი ქვეყნის სასამართლო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
როგორ წარმოგიდგენიათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა აირჩია ესა თუ ის სახელისუფლებო რგოლი და ამ მოცემულობაში შემოვიდეს ინიექციურად უცხო ძალა, რომელიც ადგილობრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ სხვა რაღაცა სტრუქტურა, რომელსაც ხალხის ნებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ამ სტრუქტურის და გარედან ნაკარნახევი ინსტრუქციების მეშვეობით შეამოწმონ ამა თუ იმ პირის კეთილსინდისიერება.
ვინ ეკითხება უცხო ძალას, ვის აირჩევს საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებაში. თუ დემოკრატია დემოკრატიად მიაჩნიათ, რისთვის არის ეს ყველაფერი მოტანილი, თუ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს დემოკრატია თავზე დაამსხვრიონ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას და ევროკავშირი საბჭოთა კავშირად აქციონ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.





