თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: მოპასუხე მხარის შესაბამისი პარტიების წარმომადგენლებს გამართული აქვთ ერთგვარი მარათონი, რომელი უფრო აბსურდულ განცხადებას გააკეთებს
პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
მოპასუხე მხარის შესაბამისი პარტიების წარმომადგენლებს გამართული აქვთ ერთგვარი მარათონი, რომელი უფრო აბსურდულ განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდგომ.
ჭეიშვილმა პარტიების „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნებში მიღებულ ხმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს გაცილებით ნაკლები ხმები მიიღეს, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
„გავავლოთ პარალელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან თუნდაც „ლელოს“ მიერ ნაჩვენებ შედეგს ერთ და მეორე არჩევნებში. 2025 წლის არჩევნებში მათ მიიღეს დაახლოებით იმაზე ორჯერ ნაკლები ხმა, ვიდრე ჰქონდათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო გახარიას პარტიამ მიიღო დაახლოებით სამჯერ უფრო ნაკლები.
ისინი ერთის მხრივ ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ, პარლამენტის ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და ამ დროს, არ აქვთ არავითარი პრეტენზია 2025 წლის საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების არ აღიარება მათი მხრიდან იყო როგორც თვითმიზანი, ისე წარმოჩენილი, რომლის საფარქვეშ ისინი შეეცადნენ, რომ მორიგი იერიში მიეტანათ კონსტიტუციურ წესრიგზე.
გავიხსენოთ რას საუბრობდა გახარიას პარტიის წარმომადგენელი ამავე თემასთან მიმართებით, რომ თურმე ლეგიტიმაციის საზომად უნდა ავიღოთ გარკვეული აღქმები და განწყობები. ყველას ძალიან კარგად ახსოვს ბოლოს მათ მიერ დაანონსებული საპროტესტო გამოსვლა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან უნდა შეკრებილიყო ამომრჩევლების დიდი ჯგუფი. თუ ასე ზომავენ საკუთარ ლეგიტიმაციას, თუ ზოგადად ლეგიტიმაციას, მაშინ ძალიან დიდ პრობლემასთან ჰქონიათ საქმე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.





