გიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, თავისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში
პოლიტიკა

გიორგი კახიანი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, თავისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა გამოსვლების გამო მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილებაზე საუბრისას.
კახიანი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს ეთანხმება.
„მათი პოზიციონირება მართლაც აბსურდულია, მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათ ვერ ექნებათ არგუმენტები იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომლებიც სარჩელში არის მოყვანილი”, - განაცხადა კახიანმა.
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!“ - წერს სააკაშვილი.





