პაპუაშვილი: დღეს ბრიუსელი ცდილობს საქართველოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„დღეს ბრიუსელი ცდილობს საქართველოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბრიუსელის ევრობიუროკრატია, მათ შორის ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელი კაია კალასი, წევრ ქვეყნებს საქართველოსთან კონტაქტის შეზღუდვისკენ მოუწოდებს, რაც, მისი შეფასებით, საბჭოთა კავშირის მიდგომას ჰგავს.
პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ბრიუსელის მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლება ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებასა და პარტნიორ ქვეყნებთან ვიზიტების გაგრძელებას აპირებს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაია კალასი ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელია და სწორედ ამ ოფისებიდან მიდის პირდაპირ დედაქალაქებში მითითება, რომ საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს საბჭოთა კავშირის მიდგომას.
ქალბატონი კალასი, რომელიც ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშია დაბადებული და გაზრდილი, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში, როგორც ჩანს, მართალია, სიტყვით განუდგება ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს, პარლამენტებსა და ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან — არა.
მერე ბატონ ჰერჩინსკის უკვირს — საბჭოთა კავშირს რატომ გვადარებთო. ნუ მოიქცევით საბჭოთა კავშირის მსგავსად და არავინ არაფერს შეგადარებთ. თქვენ თვითონ იქცევით ასე და იმ ხალხში იწვევთ ამ პარალელებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირი გამოვლილი აქვთ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, არავის აძლევს უფლებას, მას დირექტივები და მითითებები მისცეს ისე, როგორც საბჭოთა მოსკოვი რესპუბლიკებს აძლევდა მითითებებს.
დღეს ბრიუსელი ცდილობს საქართველოსა და ქართველი ხალხის დაზიანებას, ასევე წევრ ქვეყნებთან ურთიერთობების გაფუჭებას. გავიგეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია თავად ბრიუსელმა შეაჩერა და გასაგებია, რომ ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად ბოიკოტი გამოუცხადონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებს რატომ აზიანებენ?
როდესაც ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა.
ასე რომ, ჩვენ შევეცდებით, ეს ორმხრივი ურთიერთობები შევინარჩუნოთ. სწორი აღმოჩნდა ის გზა, რომელსაც მივმართავთ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამგვარ ორმხრივ ვიზიტებს, რათა ჩვენი და წევრი ქვეყნების ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.





