დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე: ეს არის სამართლებრივი დავა, რომლის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა აქვს მოპასუხე მხარეს. მათ მიერ არჩეული დაცვის ტაქტიკა დამყარებულია შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, მცდელობაზე - გამოიწვიონ ან მოსარჩელე მხარე, ან მოსამართლეები, ან ორივე ერთად.
პოლიტიკა

ვიდეო/კადრი
ეს არის სამართლებრივი დავა, რომლის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის ძალიან დიდი სურვილი და მცდელობა აქვს მოპასუხე მხარეს, არაკონსტიტუციურ პარტიებს, ჩვენი შეფასებით, იმ პარტიებს, რომლებიც მეხუთე კოლონას წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში. მათი დაცვის ტაქტიკა დამყარებულია ტყუილებით გაჯერებულ ნარატივზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, სადაც 5 პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილება.
მისი თქმით, რადიკალები მიზანმიმართულად ცდილობენ გამოიწვიონ მოსარჩელე მხარე ან მოსამართლეები.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფას და რეგლამენტის დარღვევას, სწორედ ამას მოჰყვა მოსამართლის პასუხი, რომელიც სხდომათა დარბაზიდან ნიკა გვარამიას და მაია კოპალეიშვილის გაძევებით დასრულდა.
„მათ მიერ არჩეული დაცვის ტაქტიკა არის ერთმნიშვნელოვნად დამყარებული შეურაცხყოფაზე, ცილისწამებაზე, მცდელობაზე - გამოიწვიონ ან მოსარჩელე მხარე, ან მოსამართლეები, ან ორივე ერთად. დღეს ზუსტად ის მოცემულობა ნახა საზოგადოებამ, როდესაც, ამ აბსოლუტურად უმსგავსო ქცევიდან გამომდინარე, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, ის, რაც სასამართლოს რეგლამენტით მას აქვს მინიჭებული და სხდომის დარბაზიდან გააძევა ერთ-ერთი პარტიის ორი წარმომადგენელი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. მან საკონსტიტუციო
სასამართლოში მიმდინარე პროცესს „ქართული ნიურნბერგის პროცესი“ უწოდა.
მისი თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს „ქართული ოცნების“ სარჩელს, ეს არავითარ შემთხვევაში არ შელახავს იმ მოქალაქეების საარჩევნო უფლებებს, რომელიც მხარს ამ პარტიებს უჭერდნენ.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს იმ პარტიებს შორის, რომელიც პოლიტიკურ ველზე დარჩებიან.
„როდესაც კონკრეტული პარტიის პოლიტიკური ველიდან გაყვანის, მისი არაკონსტიტუციურად ცნობის და აკრძალვის საკითხი წყდება, ეს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ლეგიტიმური ნაბიჯია პარტიის იდეოლოგიის, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკის მიმართ, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით და ეს არ ეხება ამომრჩეველს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





